,,წყალი მარგებელი“ იანვრიდან პროდუქციაზე ფასების ზრდას აანონსებს

“წყალი მარგებელი”, რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და მათ შორის „ნაბეღლავის“ ბრენდსაც ფლობს, იანვრიდან პროდუქციაზე ფასს გაზრდის. როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი თინათინ მახარაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, რომელი პროდუქტი რამდენით გაძვირდება, თუმცა ზრდა 3-15%-მდე იქნება.

მისი თქმით, ფასის მატების ძირითადი მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა.

,,ფასების კუთხით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლარის კურსის ცვლილებაა. ჯერჯერობით ვაკვირდებით, თუმცა უკვე ვიცით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე იანვრიდან ფასების გაზრდა მოგვიწევს. ჩვენ 200-მდე დასახელების პროდუქტს ვუშვებთ, სადაც შევძლებთ ფასის შენარჩუნებას ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდებით უცვლელად დავტოვოთ ის. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა უკვე ვიცით, რომ ზრდა იქნება 3-დან 15%-მდე.

რაც შეეხება დასაქმებულებს. ჩვენ, ამ დრომდე პანდემიის გამო არ გაგვითავისუფლებია არცერთი თანამშრომელი . პირიქით, ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ დაგვეხვეწა შიდა ორგანიზაციული სტრუქტურები და პირიქით, გაგვეზარდა თანამშრომლების ოდენობა. ჩვენ დიდი ჰოლდინგი ვართ, ჯამში 650 თანამშრომელი გვყავს და ზუსტად ვერ გეტყვით რამდენით არის გაზრდილი“-განაცხადა მახარაძემ.

ცნობისთვის, კომპანია „წყალი მარგებელი“ უკვე 20 წელზე მეტია „ნაბეღლავის“ მინერალური წყლის წარმოების სათავეშია. ისტორიული მინერალური წყლის ქარხნულ წარმოებასთან ერთად, კომპანია წყაროს წყალ „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“აწარმოებს, 2017 წლიდან „წყალი მარგებელი“ ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „რაუხის“ პარტნიორია.

თამარ მუკბანიანი