გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კალიების რაოდენობა და გავრცელების არეალი მკვეთრად გაიზარდა.
2020 წლის მონაცემებით, იტალიური და მოროკოული კალიის ექსპანსიამ საქართველოში 72 000 ჰექტარი მოიცვა, მაშინ როდესაც გასულ წლებში, მავნებლის გავრცელების არეალი 20 000 - 30 000 ჰექტარს არ აღემატებოდა.
„მსოფლიოში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მავნებლის რაოდენობის ზრდა აგრარულ სექტორს და, ზოგადად, გარემოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენი ამოცანაა, მზად ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალი პროექტი, რომელიც კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მხარდაჭერას გულისხმობს, ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვას. ეს ყოველივე კი, შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
კალიების პოპულაციის მართვისა და პრევენციის მიმართულებით, FAO-ს, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების 60-წლიანი გამოცდილება აქვს.
„ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობს კალიების მენეჯმენტის კოორდინირებაში გლობალურ დონეზე. ჩვენ დიდი ცოდნა გვაქვს ამ მიმართულებით და ვეცდებით, რომ საქართველოს დავეხმაროთ კალიის გავრცელებით გამოწვეული სასურსათო ზარალი და გარემოსთვის შესაძლო ზიანი თავიდან ავარიდოთ “, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
FAO-ს პროექტი „საქართველოში კალიების შემოჭრისადმი მზაობა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“ მავნებლის გავრცელების არეალში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვასა და მოსავლის გადარჩენას ისახავს მიზნად. მხარდაჭერის ღონისძიებები კომპლექსურია და მოიცავს მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე მიმართულებას: მავნებლის საველე კვლევას, მცენარეთა დამუშავებასა და კონტროლს (40 000 – 50 000 ჰა მიწის ფართობზე), საჭირო დანადგარებისა და მასალების შეძენას, მონიტორინგის განხორციელებას, გარემოზე შეწამვლითი ღონისძიებების ზემოქმედების ანალიზს. დაგეგმილია საინფორმაციო სახელმძღვანელოების გავრცელება და სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.