პანდემიის გამო, არაერთი პროექტის გაჩერება მოგვიწია, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული და აუცილებლად განხორციელდება“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების განხორიციელების საშუალებას იძლევა.
„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა - კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი - როცა ეს გეგმა იცვლება.
წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება. ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ქალაქისთვის“,-განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დედაქააქის მერის თქმით, მომავალი წლის დასაწყისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად იქნება განახლებული.
„ დავიწყებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად განახლებული გვექნება. ასევე, პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. იცით, რომ პირველ ეტაპზე, 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ამას, გამოისყიდის და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შევიძინოთ მიკროავტობუსები. რაც შეეხება მეტროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე, გამნიავებელი სისტემა და აგრეგატები მთლიანად განახლდა. დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია - 15 ახალი შემადგენლობა დაგვემატა. გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. დავიწყეთ ერთიანი, ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა. მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს“,-განაცხადა კალაძემ.