ISET - 2020 წლის საახალწლო სუფრა 4,2%-ით გაძვირდა

2020 წელს საახალწლო სუფრა 4,2%-ით გაძვირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ ინდექსში.

ორგანიზაციის გამოთვლებით, წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე. ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს.

რეგიონულ ჭრილში ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში იქნება, სადაც სუფრის ღირებულება საშუალოდ 179.2 ლარით არის პროგნოზირებული. ყველაზე იაფი კი საახალწლო სუფრა, ISET-ის კალკულაციით, სამეგრელო ზემო სვანეთში იქნება - 154.4 ლარი.

screenshot-1-1609323943.jpg

„2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგი პროდუქტებისთვის: ყველი (15%), კვერცხი (11%), პომიდორი (10%), რძე (9%), ბადრიჯანი (7%), ქათმის ხორცი (6%), თაფლი (95). თუმცა შემცირდა ვაშლის (-10%), სტაფილოსა (-8%) და კარტოფილის (-3%) ღირებულება.

ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე. ასევე, ფასების ზრდა ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებისთვისაც იმპორტირებული საწარმოო საშუალებები გამოიყენება. იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე წნეხი აღმოჩნდა ქართული ლარის გაუფასურებაც – 2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარი 13.5%-ით გაუფასურდა.

მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასებისმაღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი.

გარდა ამისა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, შეანელა ფასების ზრდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.