რუსეთი იმ ბრიტანელების სიას აფართოებს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი იმ ბრიტანელების „შავ სიას“ აფართოებს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მიიღეს.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დებორა ბრონერტი დაიბარეს და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ბრიტანეთის ხელისუფლების არაკონსტრუქციული და არაკეთილსინდისიერი ნაბიჯების საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიუღებელი და უსაფუძვლო შეზღუდვების დაწესებასთან ალექსეი ნავალნის ინციდენტთან სავარაუდო კავშირის გამო, რუსეთმა, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოვოს იმ ბრიტანელი მოქალაქეების ჩამონათვალი, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ ”, - აცხადებენ სამინისტროში.

„შავ სიაში“ შედიან ის პირები, რომლებიც "ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებული მოქმედების“ უკან დგანან.

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ინციდენტთან არიან დაკავშირებული.