საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღები ყველა ბავშვისთვის უფასო არ უნდა იყოს და გადასახადი მშობლის შემოსავალზე უნდა იყოს მიბმული. როგორც მან რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხის განხილვისას განაცხადა, ამ მიმართულებით ბიუჯეტის სახსრებით ერთნაირად არ უნდა სარგებლობდნენ მაღალანაზღაურებადი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები.
„ფაქტია, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე ბაღების ავტორიზაცია ვერ მოხერხდა და ამის მიზეზი პანდემია ვერაფრით ვერ იქნება, ანუ პრობლემა გვაქვს ავტორიზაციის პუნქტებშიც, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი საბავშვო ბაღების ძალიან დიდი ნაწილი. ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რათა შედეგად, საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად სარგებლობს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს?! უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შცვლის,“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.