როგორ აჯამებს „თიბისი ლიზინგი“ 2020 წელს?

2020 წელი ბიზნესების უმეტესობისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ბევრ მათგანზე პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და ფაქტობრივად, გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. ზოგიერთმა კი გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და ბიზნესი ახალ რეალობას სწრაფად მოერგო.

წელი რთული იყო სალიზინგო კომპანიებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ სერვისზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, კონკრეტულად, რა რეალობის წინაშე დადგნენ ისინი და როგორ დაძლიეს არსებული პრობლემები.

tbcc-1609328503-1609340001.jpg

აღნიშნულის შესახებ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სალიზინგო კომპანიის „თიბისი ლიზინგის“ დირექტორს გაგა გოგუას ვესაუბრეთ:

ბოლო წლებია, ლიზინგი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. საინტერესოა, 2020 წლის გამოწვევებს როგორ გაუმკლავდით?

ეს წელი, როგორც ყველა კომპანიისთვის, ისე ჩვენთვის ახალი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. მოგვიწია, სწრაფად გადაგვეწყო კომპანია ახალ რეალობაზე, გადაგვეაზრებინა დასახული მიზნები და მათი შესრულების გზები. მიუხედავად სირთულეებისა, არც ერთი წუთით არ გავჩერებულვართ, მეტიც, ამ წელმა ბევრი სასიამოვნო სიახლე მოგვიტანა.

წარმატება განაპირობა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის დროულად და სწორად გაწერამ, რომელიც ჩვენმა გუნდმა პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავა.

რა იყო 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები „თიბისი ლიზინგისთვის”?

ამ წელს, ჩვენი კომპანიის, სალიზინგო ასოციაციის ინიციატივითა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ლიზინგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ საკითხებში ჩაიწერა, რაც ნიშნავს, რომ ლიზინგის განვითარება პირდაპირპროპორციულად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე, ეს წელი აღსანიშნავია იმით, რომ გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა „თიბისი ლიზინგს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-“ მიანიჭა, რაც საქართველოში, არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია.

აქვე უნდა ვახსენოთ 2020 წელს მოზიდული არაერთი ინვესტიცია, რომელმაც ჯამში შეადგინა 175,000,000 ლარი. ესენი არის: 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვა FMO-სგან მეწარმოების განვითარებისთვის, ლუქსემბურგის ფონდს, Green For Growth Fund (GGF) და „თიბისი ლიზინგს“ შორის გაფორმებული 16,4 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა, EBRD-მა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოგვიყო, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული. გავლენიანმა საინვესტიციო კომპანია “სიმბიოტიკსმა” კი, “თიბისი ლიზინგს” 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გადასცა, მცირე და საშუალო მეწარმეების დასაფინანსებლად.

ასევე, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად დავაფინანსეთ თევზსაჭერი გემის მშენებლობა. „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით კი, საქართველოს საფონდო ბირჟაზე განვათავსეთ 58,4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები.

ზოგადად, როგორი იყო კომპანიისთვის განვლილი ერთი წელი?

პირველი, რაც მიზნად დავისახეთ, იყო, შეგვენერჩუნებინა როგორც ფინანსური ისე, ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი თანამშრომლებისთვის. ასევე, მაქსიმალურად დაგვეჭირა მხარი მომხმარებლებისთვის, რაც არაერთი გადავადების საშუალებით წარმატებით შევასრულეთ.

მთელი კომპანია, პროცესები და პროცედურები უმოკლეს დროში გადავაწყვეთ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისთვის ისე, რომ ხელი არ შეშლია არც თანამშრომელს და არც მომხმარებელს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კრიზისი გამოვიყენეთ შესაძლებლობად და ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა.

რა გეგმები გაქვთ 2021 წელს და რა მნიშვნელოვანი სიახლეები ელის მომხმარებელს? როგორ გეგმავთ კიდევ უფრო გააუმჯობესოთ მომსახურება და მომხმარებლებს მათზე მეტად მორგებული პირობები შესთავაზოთ?

2021 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა არსებული სერვისების გაციფრულება, რაც ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად გაუმარტივებს ცხოვრებას და არამარტო, ამ გამოწვევის შესრულებით, ლიზინგით კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.