,,ეროვნულ ბანკს არ აქვს სამიზნე კურსი. ბაზარზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს ჩვენ ხელს ვერ შევუშლით“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეციდენტმა განაცხადა.
პაპუნა ლეჟავა ვარაუდობს, რომ ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის პირველ ნახევარშიც იქნება.
,, 2020 არ იყო მარტივი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, გლობალურადაც. ჩვენთვის განსაკუთრებული სირთულე იყო, რომ აქამდე ეკონომიკური ზრდის დიდი წილი ტურიზმზე მოდიოდა. ეს სექტორი დღეს მთლიანად გაყინულია. არადა, სწორედ ის იყო, უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო. ეს ნიშნავს, რომ ტურისტული შემოსავლის 95%-იანი კლება გვაქვს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია.
მეორეს მხრივ, გვაქვს სამთავრობო სექტორიდან დიდი შემოდინებები, მთავრობა უცხოურ ვალუტაში სესხულობს თანხას, რომელი სებ-ის რეზერვებზე ხვდება და გადის ლარი. ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა შევავსოთ ის დანაკლისი, რაც კერძო სექტორს აქვს დამატებითი რეზერვებით. წელს, დაახლოებით 860 მლნს ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმა. გვაქვს მოლოდინი, რომ სავალუტო ინტერვენციები მომავალი წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ სებ-ს არ აქვს არავითარი სამიზნე კურსი. ბაზარზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს ჩვენ ხელს ვერ შევუშლით. რამდენიმე ქვეყანამ ეს სცადა და საკმაოდ წარუმატებლად დამთავრდა მსგავსი მცდელობები“-თქვა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
პაპუნა ლეჟავა ,,საქმეში“ პანდემიის პირველი ტალღის დროს ლარის მკვეთრ გაუფასურების მიზეზებზეც საუბრობს.
,,პანდემიის პირველი ტალღის დროს, გაუფასურება არ იყო განპირობებული ფუნდამენტური ფაქტორებით. ეს იყო პანიკური აჟიოტაჟი. ამან გამოიწვია მოსალოდნელზე მაღალი გაუფასურება, რასაც ინტერვენციებით უბრალოდ, ვერ გავაჩერებდით. დღეს უკვე ვეღარ ვხედავთ პანიკურ ქცევას ბაზარზე, ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი კურსი ასახავს ბაზარს ადეკვატურად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახორციელებთ ინტერვენციებს და მომავალშიც გავაგრძელებთ.
საინტერესო იყო დეკემბერი, როცა ნაკლები ინტერვენციის განხორციელება მოგვიწია. დეტალური ანალიზი ალბათ, გვექნება შემდგომში, თუმცა მე რამდენადაც ვიცი იმპორტი არის საკმაოდ შემცირებული და შეიძლება, ესეც იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი. ასევე საინტერესოა ფულადი გზავნილები, რომელიც პანდემიის დროს იზრდება.
სებ-ის მიზანია, გარკვეულ პერიოდში ვალუტის დანაკლისი შეუვსოს ბაზარს და ამას შედარებით გაზრდილი მოცულობებით ვაკეთებთ წელს, ვიდრე წინა წლებში ვაკეთებდით“, -განაცხადა ლეჟავამ.