მიზანმიმართულ დისკრედიტაციად ვაფასებთ ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება და მათი წყალობით იზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, რაც სრული სიცრუე და ცილისწამება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ასევე კატეგორიულად არ ვადასტურებთ ელექტროენერგიის იმპორტის პროცესში ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ ცილისწამებლური განცხადებებისგან“ ,- აღნიშნავს მინისტრი.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, დღეს ქვეყნის იმპორტირებული ელექტროენერგიის შემოტანა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საბაზრო პრინციპების სრული დაცვით ხორციელდება.
მისივე თქმით, 2012 წლისგან განსხვავებით, დღეს საქართველო ელექტროენერგიას სამი ქვეყნიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ვერცერთი იმპორტიორი თუ სხვა პროფილის ელექტროენერგეტიკული კომპანია ვერ შეძლებს, იყო დომინანტი მოთამაშე საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე, უკარნახოს ბაზარს ფასი და გამოიწვიოს მისი ზრდა. ეს შესაძლებელი გახდა ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, რომელსაც ქვეყანა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შემდეგ ახორციელებს.
„2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ძირითადი იმპორტიორი რუსეთი იყო და დენის იმპორტის 80 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოდიოდა. დღეს, ჩვენი რეფორმისა და ბაზარზე ჩამოყალიბებული კონკურენციის შედეგად, ჩვენ ელექტროენერგია მოგვეწოდება სამი სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლანდელი დეკემბერი ძალიან კარგი მაგალითია. რეფორმის გატარებით, ჩვენ მაქსიმალური კონკურენცია დავუშვით ამ ბაზარზე - ეს არის სწორი ფასწარმოქმნისა და გამჭვირვალობის საწინდარი.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ის ხორციელდება იმპორტიორ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, თუკი რუსეთიდან დენის იმპორტს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“ ახორციელებს, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დაშვებულია ამ პროცესში კერძო კომპანიების დაშვება და საქართველო ამას ვერ შეზღუდავს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული საბაზრო კონკურენციის წესებიდან გამომდინარე. პირიქით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს კონკურენციის წახალისებას და არა მის შეზღუდვას. საბოლოოდ, მოგებული რჩება მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უწყვეტად და სტაბილურად მიიღებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.