პროგრამის ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა - ასე შეაფასა პანდემიის პირობებში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.
პაპუნა ლეჟავას თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია არ არის გაგრძელდება თუ არა პროგრამა მომავალ წელსაც.
,,იპოთეკური სესხების სუბსიდირება იყო ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი პანდემიის პირობებში. მოლოდინს გადააჭარბა და დაახლოებით 800 მლნ ლარი გაიცა ამ პროგრამით. მან არათუ შეინარჩუნა, გაზარდა კიდეც დასაქმება სამშენებლო სექტორში. რაც შეეხება აქტუალურ კითხვას, გაგრძელდება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირება 2021-შიც, ასეთ საკითხებში სებ-ი ვერ ერევა. ეს მთავრობის და პარლამენტის პრეროგატივაა.
იპოთეკური სესხების ზრდამ 10% შეადგინა, თუმცა ჯამურად სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა, რადგან 20%-იანი ზრდა გვქონდა ბიზნეს სესხებშიც. რაც შეეხება პასუხისმგებლიანი ჩარჩოს ამოქმედებას და შედეგად პორტფელის გადალაგებას, ეს ნამდვილად მოხდა. პორტფელში შემცირდა სამომხმარებლო და ფიზიკური პირების სესხების წილი და გაიზარდა ბიზნეს სესხები. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია. გადალაგება მოხდა შარშან, წელს კი ამ კუთხით დიდი ცვლილება არ ყოფილა“-თქვა პაპუნა ლეჟავამ ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და 31 დეკემბერს დამთავრდება. ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს. ამასთან, სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღო.