საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ერთ-ერთი საზედამხედველო პრიორიტეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს პრიორიტეტი, სხვა საკითხებთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკთან წარსადგენი საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებას მოიცავს.
„ეროვნული ბანკი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგების ფასს-ზე გადაყვანის პროექტზე და შედეგად, ფასს-ზე გადასვლის გზამკვლევს აქვეყნებს. გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს ეროვნული ბანკის მიერ ფასს-ზე გადასვლის მიმართულებით შემუშავებული მიდგომები გააცნოს. დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა ფასს-ზე გადასვლისას უნდა გაითვალისწინონ. დოკუმენტის პრინციპებზე დაყრდნობით, კომერციულ ბანკებს, არსებულ მოთხოვნებთან ერთად, სხვადასხვა საზედამხედველო მაჩვენებლების გამოთვლის და ფასს-ზე დაფუძნებული მიდგომებით წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. კაპიტალის ადეკვატურობის ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოსათვლელად მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებების ასახვა კაპიტალის მოთხოვნებსა და გამოთვლის წესებში, რათა ფასს-ზე გადასვლამ, სხვა თანაბარ პირობებში, გავლენა არ მოახდინოს საზედამხედველო მაჩვენებლების მიმართ მიდგომებზე. ამგვარად, კაპიტალის მოთხოვნების მიმართ ნეიტრალური მიდგომის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკის გზამკვლევი შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოთვლის გამო გაზრდილია, კაპიტალის მოთხოვნები იზრდება,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.