დღეიდან სომხეთში ძალაში შევიდა თურქულ პროდუქციაზე 6-თვიანი აკრძალვა. აღნიშნული განკარგულება სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო, როცა საკუთარი გადაწყვეტილება თურქეთის ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობით ახსნა.
„თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, პირველ რიგში უსაფრთხოებითაა განპირობებული. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი ღიად მონაწილეობდა ყარაბაღის სამხედრო-ტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც აზერბაიჯანმა გააჩაღა არცახის წინააღმდეგ. აღნიშნული აკრძალვა დაიცავს სომხეთს არამეგობრული ქვეყნიდან რესპუბლიკაში შესაძლო საფრთხეების შეღწევისგან“ - ნათქვამი იყო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ დაუდანაშაულებია თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობაში. ერევანის ცნობით, ანკარა არამხოლოდ სამხედრო სპეციალისტებს ახმარდა აზერბაიჯანს, არამედ ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდა.