აზერბაიჯანმა ტრანსადრიატიკული გაზსადენიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანმა დაიწყო კომერციული გაზის მიწოდება ევროპისთვის, ტრანსადრიატიკური მილსადენიდან - ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

სამინისტროს განცახდებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება ხსნის ახალ ფურცელს აზერბაიჯანისთვის, როგორც გაზის მიმწოდებელი ქვეყნისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ მიწოდება გათვლილია 25 წელიწადზე და ითვალისწინებს 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ექპორტირებას აზერბაიჯანიდან ევროპაში, საიდანაც 8 მილიარდს მიიღებს იტალია, 2 მილიარდს კი გაიყოფენ საბერძნეთი, ბულგარეთი და „მიბმული“ ბაზრები.

შეგახსენებთ, რომ „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ (Trans Adriatic Pipeline, TAP) მშენებლობის დასრულების შესახებ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამოცხადდა. TAP-ის სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 გადის საბერძნეთის ჩრდილოეთით, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 105 ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, დარჩენილი 8 კმ იტალიის ტერიტორიაზეა.

TAP გახლავთ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტი, TANAP-ის გაგრძელება. ამ მილსადენმა წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს ევროპაში. მისი სიმძლავრეების შესაძლებლობა კი ამ მოცულობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

პროექტის თანამფლობელები არიან: კომპანია SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%). პროექტის ჯამური ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა.

კოკა კვირკველია