სურსათის ეროვნული სააგენტო - 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, მოქალაქეებს მომსახურებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე გავუწევთ

საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები, აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომსახურების გაწევა მოხდება შემდეგ სერვისებზე: ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა; სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.

სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების შენობების შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას განთავსდება შემდეგი ინფორმაცია: მომსახურებების ჩამონათვალი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ უქმე დღეებში; სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან გამოაგზავნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.