დღეიდან ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები იზრდება

დღეიდან, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.