რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა - რა წილი უკავია რუსულ პროდუქციას მთლიან იმპორტში

მსოფლიოში რუსულ ხორბალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყნიდან 20%-ით მეტი ხორბალი გავიდა, ვიდრე 2019-ში. მთლიანად კი 138 ქვეყანაში რუსული მარცვლეულის იმპორტის მოცულობამ 57,5 მლნ ტონა შეადგინა, საიდანაც 38,3 მლნ ტონა ხორბალი იყო.

რუსული ხორბლის ძირითადი შემსყიდველები არიან: თურქეთი, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ბანგლადეში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყანამ 2020 წელს რუსეთიდან ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა.

მსოფლიოს ანალოგიურად იზრდება რუსული ხორბლის იმპორტი საქართველოშიც. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 448,4 ათასი ტონა (97,5 მლნ დოლარის) ხორბლის იმპორტი განხორციელდა, ეს კი 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 11 თვეში საქართველომ ჩრდილოეთში სულ 379,4 ათასი ტონა (79,7 მლნ დოლარის ღირებულების) ხორბალი იყიდა.

გარდა ამისა, გაიზარდა რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში. კერძოდ, თუ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიანად იმპორტირებულ ხორბალში რუსული პროდუქციის წილი 87% იყო, 2020 წლის 11 თვეში მისი მოცულობა 99%-მდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 11 თვეში საქართველოში იმპორტირებული იქნა 435,99 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი, საიდანაც რუსული ხორბალი იყო 379,42 ათასი ტონა. 2020 წელს კი რუსეთში 448,43 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი ვიყიდეთ, მთლიანად კი ქვეყანაში 448,55 ათასი ტონა პროდუქცია შემოვიდა.