სებ-ი - ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 570,2 მლნ ლარი შეადგინა

ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 4.0 მლნ ლარით შემცირდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ნოემბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 32.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით 56.1 პროცენტამდე გაიზარდა.

სებ-ის მონაცემებით, „საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 306.1 მლნ ლარით (1.9პროცენტით) გაიზარდა და 16.08 მლრდ ლარს გაუტოლდა. რომელიც ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების მატებით იყო განპირობებული.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ნოემბერში 46.3 მლნ აშშ დოლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.3 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, - აღნიშნულია ანგარიშში.