24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქებული რეგულაციები, დღეიდან ისევ მკაცრდება. კერძოდ, ისევ იხურება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ ე.წ. წერტილოვანი შეზღიდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოაცხადა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დაწესდა 31 იანვრამდე, მცირედი გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, როდესაც სავაჭრო მოლებსა და არასასურსათო მაღაზიებს ოპერირების უფლება მიეცათ.
დღეიდან დიდი ქალაქების - ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში ისევ იმუშავებენ მხოლოდ სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, ასევე აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები. მუშაობას კვლავ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები. სხვა ყველა ტიპის ვაჭრობა დასაშვები ხდება ისევ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.