ნორვეგია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგია კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ფარგლებში ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე სტუმრების შინ მიწვევა იკრძალება.

„ჩვენ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის ნიშნებს ვხედავთ, ნორვეგიელებმა უნდა შეაჩერონ თავიანთი სოციალური ცხოვრება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს, ”- განაცხადა სოლბერგმა.

ხუთშაბათს, ოსლომ კოვიდ 19-ზე ტესტირება სავალდებულო გახადა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შედის. მგზავრებმა ტესტი ჩასვლისთანავე ან 24 საათში უნდა ჩაიტარონ.

ცნობისათვის, ნორვეგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 523 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 436-ია.