იაპონურ გაზეთში "ასაჰი სიმბუნ"-ში (Asahi Shimbun//"朝日新聞") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "შქმერულის" პოპულარობის აფეთქება! ევრაზიულმა საჭმელებმა იაპონია მოხიბლეს" (ავტორი - მიტიტაკა ჰატორი). პუბლიკაციაში აღნიშნულია რომ გასულ, 2020 წელს იაპონიის ბაზარზე სულ უფრო მტკიცედ დამკვიდრდნენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული საჭმელები (კერძები) და სხვა საკვები პროდუქტები.
"ამ სფეროში "პირველ გზამკვლევად" ქართული "შქმერული" ითვლება, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს შემოვიდა ჩინეთში და ძალიან პოპულარული გახდა იაპონიის "მაცუაიას" რესტორნების ქსელში. შქმერულის" განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ქათამი იწვება კარაქში, მოშუშება კი რძეში (ან ნაღებში) ხდება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ "შქმერულის" მოსამზადებლად ბევრი ნიორი გამოიყენება. როგორც ამბობენ, "შქმერული" მისთვის ზედმიწევნით შესაბამისი კერძია, ანუ ნივრისათვის ეს ქართული საჭმელი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეცეპტს წარმოადგენს.
შარშან წლის დასაწყისში "მაცუას" რესტორნებში "შქმერულს" მსურველებს მხოლოდ სეზონურად სთავაზობდნენ, მაგრამ 2020 წლის ივნის-ივლისში კომპანიამ ასორტიმენტის დაზუსტების მიზნით ქსელური გამოკითხვა ჩაატარა და საკვირველი შედეგი მიიღო: ქართულმა კერძმა პირველი ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ზამთარს "შქმერული" მენიუში დაემატებინა. სხვათა შორის, საჭმლისათვის ხმის მიცემის დროს ეს თემა "ტვიტერში" აქტიურად განიხილებოდა: "დააგემოვნეთ "შქმერული-სანი", არ გაუშვათ ხელიდან შანსი". ალბათ, ასეთმა მოწოდებამაც ეფექტი მოახდინა.
"მაცუიას" რესტორნების ქსელში ამ ქართული კერძის მიერ მომხდარმა "გარღვევამ" იაპონიის კვებითი პროდუქტების მრეწველობის დარგზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს: პირველ პაკეტირებულ პროდუქტს ასეთი წარწერა ჰქონდა - "შქმერული ბრინჯით: გემრიელი საჭმელი".
გარდა ამისა, კომპანია "ნაჰატინიენ"-მა, "მსოფლიოს სუპების" სერიალის ჩარჩოებში "შქმერულის სუპიც" გამოუშვა. ორი თვის წინ, ნოემბრის დასაწყისში, ეს სუპი ჯერ Lawson-ს მინიმარკეტების ქსელში გამოვიდა, შემდეგ მას სხვა ქსელებმაც მიბაძეს. ფხვნილის სახით დამზადებულ "შქმერულს" მდუღარე წყალს დაასხამ და კერძიც მზადაა", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, იაპონელებს ასევე მოსწონთ "კატლეტები კიევურად". "საქართველოსა და უკრაინის საელჩოებს შორის თითქმის კონკურენცია მიმდინარეობს თავიანთი ეროვნული კერძების რეკლამირებასა და იაპონელი გურმანების მიზიდვის საქმეში. ეს მისასალმებელი ფაქტია", - წერს მიტიტაკა ჰატორი.
წყარო: „კვირის პალიტრა"