„2021 წელს შესაძლოა ეკონომიკა გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს“- ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა ბეზნესპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ახალი ვალების აღებას ვეღარ შეძლებს, რის გამოც სავარაუდოა, რომ 2021 წელი გაცილებით მძიმე იქნება.
„2021 წელს ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ეს პანდემია ერთი ხელის მოსმით არსად არ ქრება. გასაგებია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ბიზნესმა თავი გადაირჩინოს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ გაძლებ. სახელმწიფომ, რომელმაც აიღო სესხები და დახარჯა, ახალს ვეღარ აიღებს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, 2021 წელი გაცილებით მძიმე იყოს ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა.
ამასთან, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აღებული ვალები უმეტესწილად არამიზნობრივად დახარჯა.
„ვალის აღების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ მომხდარა. გასულ წელს უბრალოდ დარიგდა რაღაც თანხები შერჩევითობით, სხვადასხვა სექტორის მიხედვით. მაგალითად, დავეხმარეთ დეველოპერულ კომპანიებს და ბანკებს, რომლებსაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება. ასე რომ, სახელმწიფომ აღებული ვალები უმეტესწილად არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ ყველაფრის მძიმე შედეგები კი გვექნება არა მარტო 2021 წელს, არამედ მომავალ წელსაც“, - განაცხადა ბრიკაშვილმა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე