საერთაშორისო IT კომპანიები - Epam-ი და Exadel-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებენ.
ამ დროისთვის Epam-ის ვებ-გვერდზე საქართველოში 69 აქტიური ვაკანსია იძებნება, Exadel-ის ვებ-გვერდზე კი მხოლოდ ერთი. საერთო ჯამში, ორივე IT კომპანია, რომელიც საქართველოში შემოვიდა, ამ დროისთვის 70 თანამშრომელს ეძებს.
Epam-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ეძებს ვებ-დეველოპერს, Java ინჟინერს, С++ დეველოპერს, კომპიუტერული სისტემების განვითარების სპეციალისტის და ა.შ. Exadel-ს კი ვაკანსია ჯერჯერობით მხოლოდ სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე აქვს გამოცხადებული.
ამერიკულმა IT-კომპანია EPAM-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოქტომბერში გახდა ცნობილი. უკვე დეკემბრის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კიდევ ერთი IT კომპანიის - Exadel-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
ცნობისათვის, პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანია EPAM-ი 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა დააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს. მოგვიანებით ამ სიას შეემატა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები.
ამ დროისთვის EPAM-ის შტაბ-ბინა პენსილვანიის შტატში, ნიუთაუნში მდებარეობს. კომპანიას ფილიალები დედამიწის 4 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. დღესდღეობით კომპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
EPAM-მა აქციების პირველადი განთავსება (IPO) ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2012 წლის 8 თებერვალს განახორციელა. იმ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია 20,06 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთი აქციის ღირებულება კი 358,35 დოლარია.
კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის არკადი დობკინი.
რაც შეეხება Exadel-ს, ის 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანიაა, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო IT კომპანიები საქართველოში ოპერირებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მთავრობამ გარკვეული დარგის, მათ შორის IT კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ზე დაწია.