„ეს პერიოდი ბევრი კომპანიისთვის გადარჩენის წინაპირობა იყო“ - რა შედეგი მოიტანა მოლების ერთკვირიანმა გახსნამ

„ეს პერიოდი ბევრი კომპანიისთვის გადარჩენის წინაპირობა იყო“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან მოლების ერთკვირიანი გახსნის შედეგი შეაჯამა.

როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, მართალია, გასული წლის ანალოგიურ პერიოთან შედარებით, რეალიზაცია 30-40%-ით შემცირდა, თუმცა ბრენდებისთვის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი იყო.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

„წინასწარ პროგნოზირება საკმაოდ რთული იყო, რადგან არაორდინალურ სიტუაციაში ვართ. მხოლოდ ერთი კვირა გავიხსენით, შეაბამისად, მოზღვავებული მოთხოვნა იყო. თუმცა, ამავე დროს, შეზღუდვები გვქონდა, როგორც საათობრივი, ისე რაოდენობრივი. სავაჭრო ობოექტებში გარკვეული რაოდენობის ადამიანზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ყველა ბრენდს სხვადასხვა პროგნოზი ჰქონდა და არცერთი არ ეფუძნებოდა რაიმე მეცნიერულ მონაცემს. დაახლოებით, 30-40% ით ნაკლები იყო რეალიზაცია (გააჩნია ბრენდს), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პრინციპში, ეს იმ მონაცემების მსგავსია, რაც ზაფხულში იყო. მაშინ რეალიზაცია დაახლოებით, 35-40% ით ნაკლები იყო, შარშანდელთან შედარებით. ახლაც ასე მოხდა.

თუმცა, შემიძლია გთხრათ, რომ ერთკვირიანი გახსნა, ანუ ეს პერიოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ბევრი კომპანიისთვის გადარჩენის წინაპირობა იყო“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გახსნის პერიოდში, რეგულაციების დარღვევისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალი არცერთი მაღაზია არ დაჯარიმებულა, რადგან ყველა რეკომენდაცია შესრულდა.

„არა თუ ჩვენი არცერთი მაღაზია არ დაჯარიმებულა, არამედ შენიშვნაც კი არ მიგვიღია. პირველ დღეებში მართვის პროცესების კუთხით მხოლოდ რეკომენდაციები მივიღეთ, რომელიც უმალვე გავითვალისწინეთ“,-აღნიშნავს რეზო მაღალაშვილი.

ნინი ქეთელაური