„სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკეთილსინდისიერ ქცევაშია შემჩნეული"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ წერს.

„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და ოი საოცრებავ, ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა. ეს შედეგი მიიღეს მანიპულაციების შედეგად. თურმე, გასული წლის განმავლობაში სახლთან დაკავშირებული ხარჯები: შუქი, წყალი, გაზი და ა.შ. შემცირებულა 36 პროცენტით. რომ არაფერი შემცირებულა, ეს კარგად ჩანს ტარიფებში, მაგრამ საქსტატმა პანდემიის დროს კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობით შეამცირა ამ კატეგორიის საქონლის ფასი.

ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. სუბსიდირების თანხები შეიძლება გამოყენებული იქნას სიღარიბის დონის განსაზღვრისას და არა ფასების დადგენისას. უკვე მერამდენედაა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკეთლსინდისიერ ქცევაშია შენჩნეული, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ რიცხვებით ჟონგლიორობაში გამოიხატება. ეს უკვე მეტისმეტია. ამ უწყების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს." - წერს გოცირიძე