გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებული უქმე დღეების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ პარკებში არ იმუშავებს ვიზიტორთა ცენტრები, ასევე დაკეტილი იქნება შემდეგი დაცული ტერიტორიები: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, შეჩერებული იქნება ყველა ეკოტურისტული სერვისით სარგებლობა, მათ შორის: ტურისტული კოტეჯების გაქირავება, კარვების გაქირავება, საწყალოსნო სერვისები და „თოკების პარკი“.
„ლაშქრობისა და ბუნებაში დასვენების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში რეგისტრაციის წინასწარ, ონლაინ რეჟიმში გავლით, ტელეფონის ან შესაბამისი ეროვნული პარკის Facebook გვერდის საშუალებით.
მოგზაურობისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.