პროცედურები, რომელიც ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას აფერხებს და უარი სამინისტროს მხრიდან 200 სინჯის სუბსიდირებაზე.
როგორი იყო მეფუტკრეთა გაერთიანებისთვის 2020 და რა გამოწვევების წინაშე დგანან 2021 წელს - გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ შეაჯამა.
ალეკო პაპავას თქმით, სახელმწიფოსგან ასოციაცია სინჯების სუბსიდირებას ითხოვდა, რაც სულ 150 000 ლარი ჯდება, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უარი განაცხადა, რადგან საკმარისი თანხა ვერ მოიძებნა.
,,მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მოთხოვნა და ინტერესი გაიზარდა ქართული თაფლის მიმართ, მთელი რიგი პროცესები გვიშლიდა რეალიზაციაში ხელს. ეს არის ჭურჭლის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან და სხვა ბევრი პროცედურული საკითხი, რასაც ხელი შეუშალა პანდემიამ. საექსპორტო მიმართულებით, რაც მთავარი სირთულე იყო წლის განმავლობაში, ძალიან გვიჭირდა ნიმუშების გაგზავნა შემკვეთ ქვეყნებთან. ძალიან ბევრი სირთულე იყო ამ კუთხით. ხშირად რამდენიმე ქვეყნის გავლით ვაწვდიდით პროდუქტის ნიმუშებს.
ჩვენ, სამინისტროსგან ვითხოვდით დახმარებას 200 ნიმუშის სუბსიდირებაზე, რაზეც უარი მივიღეთ. ეს არის ერთადერთი დახმარება, რაც მთავრობისაგან გვინდოდა და სულ 150 000 ლარზე იყო საუბარი. გვითხრეს, რომ ეს თანხა არ აქვს სამინისტროს. ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია საქართველოშიც არსებობს, მომხმარებელი სანდოობის მხრივ ითხოვს, რომ თაფლს საფრანგეთის ან გერმანიის ლაბორატორიებში ჰქონდეს შემოწმება გავლილი“, - ამბობს პაპავა.
მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე შესვლაში ხელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაინფორმირებულობაც უშლის. მისივე თქმით, „2019 წელს შენგენში შეიცვალა შაბლონის ფორმა, ამაზე კი სამინისტროში არაფერი იცოდნენ“.
,,მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოხერხდა 10 ტონა თაფლის გაგზავნა ევროკავშირის ზონის ქვეყანაში, ის გაჩერდება ბულგარეთში, რადგან დაიწუნეს სერთიფიკატი. აღმოჩნდა, რომ შენგენში 2019 წელს შეიცვალა შაბლონის ფორმა, ამის შესახებ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ იყო საქმის კურსში, არადა ისინი მუდმივ კონტაქტზე უნდა ყოფილიყვნენ და ჰქონოდათ ინფორმაცია. შემდეგ მოხერხდა ამ საბუთის დროულად ჩანაცვლება და პროდუქტმა მოახერხა იტალიაში მოხვედრა, თუმცა იქამდეც იყო შემთხვევები, როცა ჩვენი საქონელი ,,გაიჭედა“ და უკან დაგვიბრუნდა.
ცალსახად, ინტერესი გაზრდილია და იმედია, რომ 2021 იქნება უკეთესი წელი ჩვენთვისაც და აღარ იქნება მსგავსი შემთხვევები. მთავარი გამოწვევა ახლა ნიმუშების კონტროლია, რომლის გადაგზავნასა და ანალიზშიც 2 თვე იკარგება ხოლმე. უნდა მოიძებნოს იოლი ფორმა“, - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე თაფლზე მოთხოვნის მატების მიუხედავად, შემცირდა ფასი. „წელს მეფუტკრეებისთვის უხვმოსავლიანი წელი იყო, ექსპორტის მოცულობამ კი დაიკლო, და ამიტომ გახდნენ იძულებული დაეწიათ თაფლზე ფასი. საქართველოში, მხოლოდ 5%-ია პროფესიონალი მეფუტკრე, რომელსაც 150-200 ოჯახი ჰყავს. 95% კი მოყვარული ფერმერია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სკა აქვს. ვისაც დიდი რაოდენობით თაფლი ჰქონდათ, მათ უფრო გაუჭირდათ რეალიზაცია, მცირე მოსავლის რეალიზაცია კი ბევრად მარტივია“-ამბობს ალეკო პაპავა.
ცნობისთვის, 10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე 2020 წლის ბოლოს იტალიაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია, თუმცა შესაბამისი სერთიფიცირების არარსებობის გამო, მასიურად ქართული თაფლის ექსპორტი შენგენის ქვეყნებში ამ დრომდე ვერ ხორციელდებოდა.