კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ცალკეულ ქვეყნებში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია, შეანელებს ამ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა „ოპეკ+“ ქვეყნების მინისტრების ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალ შტამს, შესაძლოა, ჰქონდეს არაპროგნოზირებადი განვითარება. „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც ახალი შტამით დაინფიცირების დონე საგანგაშოდ გაიზარდა, ახალი შეზღუდვები წესდება, რაც გარდაუვლად აისახება ეკონომიკის აღდგენის ტემპებზე ამ ქვეყნებში“, - განაცხადა მან.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნა გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რათა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა და ნავთობზე მოთხოვნის ზრდა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში ნავთობზე არსებული მოთხოვნა იმაზე დაბალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.