„ეროვნული ბანკის ინტერვენციები არის ერთადერთი წყარო ლარის სტაბილურობის“- რომან გოცირიძე

„ეროვნული ბანკის ინტერვნეციები არის ერთადერთი წყარო ლარის სტაბილურობის“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს ინტერვენციები ისევ უნდა გააგრძელოს, რათა ლარი უფრო მეტად არ გაუფასურდეს.

„დღეს ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის ინტერვენციები არის ერთადერთი წყარო ჩვენი ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თუ რა შეიძლება მოხდეს მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს მეტ-ნაკლებად უკვე პროგნოზირებადია, ვინაიდან ჩვენ არ უნდა ველოდოთ დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდას. ქვეყანაში უარყოფითი ტენდეციები 2021 წელსაც შენარჩუნდება, ხოლო ლარის სტაბილურობის მთავარი წყარო ისევ ეროვნული ბანკის ინტერვენციები იქნება. რა რაოდენობის თანხას დახარჯავს წელს ეროვნული ბანკი ბაზარზე, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ლარის კურსი. ალბათ, ეროვნულ ბანკს წელსაც იმ რაოდენობის დოლარის გაყიდვა მოუწევს, რამდენიც 2020 წელს გაყიდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ვალუტის მკვეთრი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ბაზარზე 873.2 მლნ დოლარი გაყიდა.

ნოდარ სირბილაძე