ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ორ კვირაში გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა რეგულაციების შერბილებამ ინფიცირების ზრდა. როგორც მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შერბილდება თუ არა რეგულაციები 16 იანვრიდან.
„ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსებულია 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება. თუმცა, მანამდე ჩვენ უნდა გავიაროთ ორი კვირა და ეს ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, თუ გამოვლინდება, რომ ამ შეზღუდვების შერბილებამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში გამოიწვია შემთხვევების მატება. თუ მივაღწიეთ ისევ შემთხვევების იმ კრიტიკულ რაოდენობას, როდესაც შეიქმნება რისკი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვის და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჯანდაცვის სექტორისთვის, რა თქმა უნდა, როგორც წინა შემთხვევაში, საბჭო იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც 16 იანვრის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული. შემდეგი ორი კვირა უნდა ვნახოთ და დავაკვირდეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას“,-აღნიშნა მან.