დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის შესწავლა ხდება.
„ვსწავლობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური მასალა. შესწავლილი უნდა იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ რეინფიცირება გამოვლინდეს. ეს ადვილი საქმე არაა, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დამყარებული უნდა იყოს ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე. გადარჩეულია დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,-აღნიშნა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არაა.
„საქართველოში რეინფიცირების შემთხვევას ვერ დავადასტურებ. გლობალურად, რეინფიცირების ერთეულ შემთხვევაზე არის საუბარი. ესეც არის შესწავლის საგანი, რამდენიმე შემთხვევაზე იყო რეინფიცირების საკითხი, რამ გამოიწვია ესეც უცნობია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასეთი არ ყოფილა“,-აღნიშნა გაბუნიამ.