რა ახალი წესებით მოგიწევთ „თიბისი ფეიდან“ გადარიცხვების განხორციელება

დღეიდან სატესტო რეჟიმში, 15 იანვრიდან კი მთლიანად - „თიბისი ფეიდან“ გადარიცხვების განხორციელების წესები იცვლება.

როგორც „თიბისი ფეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადარიცხვისას სავალდებულო ხდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „თიბისი ფეის“, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს გადამხდელების იდენტიფიკაცია/ ვერიფიკაცია და გადარიცხვის ოპერაციაზე თანმხლები ინფორმაციის გაყოლება. ამასთან, შპს „თიბისი ფეი“, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადამხდელების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას ახორციელებს მესამე პირებზე დაყრდნობით.

შესაბამისად, გაცნობებთ, რომ „თიბისი ფეის“ თვითმომსახურების ტერმინალის მეშვეობით ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის სერვისებზე გადახდის განხორციელებისთვის, 2021 წლის 5 იანვრიდან სატესტო რეჟიმში, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან რეალურ რეჟიმში, სავალდებულო იქნება იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მოგიწევთ, შემდეგ ოპერციებზე:

  • აზარტული თამაშები და ლატარია
  • ონლაინ თამაშები
  • დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები
  • ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები
  • ინტერნეტ მარკეტინგი
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
  • ტურისტული მომსახურება
  • ქსელური მარკეტინგი
  • ქველმოქმედება
  • საკონსულტაციო მომსახურება
  • პოლიტიკური პარტიები
  • უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები