ემიგრანტი მოზარდების საახალწლო გზავნილი საქართველოს

ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტის თიკა სვანიძე-ვენკოს ინიციატივით პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლა: „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ შეიქმნა, რომელმაც ემიგრანტი მოზარდები საქართველოსა და ქართველ თანატოლებს დააკავშირა. აღნიშნული სკოლა აერთიანებს მსოფლიოს 22-ქვეყანაში მცხოვრებ 150-მდე ემიგრანტ მოზარდს.

სწორედ ონლაინსკოლის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობით ქართველი ემიგრანტებისათვის უნიკალური პროექტი – „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“ ხორციელდება. მოცემული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ხელნაწერები, რომელთა ავტორები არიან ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მოზარდები.

ემიგრაციაში მცხოვრებმა მოზარდებმა ახალი 2021 წელი კალიგრაფიულად, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ მისალოც ბარათებზე თავიანთ სამშობლოს, საქართველოს მიულოცეს.

მილოცვას არც დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ონლაინ სკოლის კალიგრაფები ჩემორჩენილან.

fffff-1609848317.png

აღსანიშნავია, რომ პროექტმა ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა იმდენად, რომ არსებულ გაკვეთილებზე მოსწავლეთა რაოდენობა სრულად შეივსო, ბევრი მათგანი კი მომლოდინეთა სიაში ელის დამატებითი გაკვეთილების დანიშვნას.

ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე-ვენკოს განცხადებით, შემეცნებით-გასართობი ონლაინგაკვეთილები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ მათ თანატოლებს შორის ახალგაზრდული კავშირებისა და ინტერაქტიული ურთიერთობების დამყარებას. ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეიძინონ ახალი მეგობრები, რაც ამჟამად შექმნილი ვითარებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ამასთან, სამომავლოდ დაგეგმილია ძალიან საინტერესო სიახლები ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისათვის, რომელთა ხილვას ფონდის გვერდზე შეძლებთ.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე