,,წესით, რეალიზაცია უნდა ყოფილი მეტი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ნაკადების მართვა იყო უმთავრესი ამოცანა“- ამის შესახებ ,,აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაიხურა მოლები ხელმეორედ, როცა ნაკადების მართვა ახალი წლის შემდეგ უფრო მარტივი იქნებოდა. ხაზარაძე ამბობს იმასაც, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მოხდება თუ არ გახსნა 16 იანვრიდან.
,,გასული წლის იგივე პერიოდს თუ ავიღებთ შედარებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად იგივე რეალიზაცია გვქონდა, რაც წინა წლის 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. სხვაობა ის იყო, რომ ჩვენ მეტი მოლოდინი გვქონდა, რადგან იქამდე ლოკდაუნი იყო და შემდეგაც გაგრძელდა დაკეტვა. წესით, მეტი რეალიზაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მივიღეთ, რადგან ნაკადების მართვა იყო უმთავრესი ამოცანა და ფიზიკურად ვერ ვუშვებდით მოლებში მეტ ადამიანს.
მე პირადად, ძალიან მიკვირს რატომ გადაწყვიტეს, რომ ისევ უნდა დავკეტილიყავით. იმდენად კარგი იყო ნაკადების მართვა, რომ არ გაზრდილა ინფიცირებულების რაოდენობა. არცერთი ჯარიმა არ გვქონია ჩვენს კომპნიაში, იმდენად კარგად მოვახერხეთ გვემართა ადამიანთა რაოდენობა ობიექტებში. რა იქნება 16-ის მერე, რთული სათქმელია. ადამიანები არ წყვეტენ მიმოსვლას და შეკრებას ოჯახებში და თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება 15 იანვარს ალბათ, იმაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა 16 იანვარს სავაჭრო ცენტრები. მიჭირს უფრო დეტალურად რამის თქმა“, -განაცხადა ხაზარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლები მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნა. 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებით. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით კი, რითეილ სექტორი მუშაობას 16 იანვრიდან განაახლებს.