საქართველო შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით მოცვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდეს

საქართველოში სარეალიზაციო მოცვის პლანტაცია უკვე 1000 ჰექტარზეა გაშენებული. როგორც EastFruit–ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ფერმერები აქტიურად განაგრძობენ კენკრის მოვლისა და კულტივირების პროცესს, რათა პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაზარდონ.

”ჩვენი შეფასებით, 2020 წელს საქართველოში დაახლოებით, 750 ტონა მოცვი მოიკრიფა, აქედან 89% (665 ტონა) ცოცხალი პროდუქტი ექსპორტზე გავიდა, ნაწილი შიდა ბაზარს მოხმარდა, ნაწილი კი გადამუშავდა”, - განაცხადა FAO-ს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იარმაკმა.

ამ დროისთვის, საქართველოში მოცვის პლანტაციების საშუალო მოსავლიანობა, ჰექტარზე 1 ტონაზე ნაკლებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლანტაციების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ არ იძლევა ნაყოფს. როგორც წესი, მაქსიმალურ მოსავლიანობის მიღწევა, სათანადო მოვლის პორობებში, 5 წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

EastFruit- ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ყოველწლიურად მოცვის ფართობები 200-დან 300 ჰექტარამდე იზრდება, რაც ბიზნესის გაფართოების ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუ ამინდი შესაბამისი იქნება, 2021 წელისთვის საქართველო მოცვის მოსავლის გაორმაგებას შეძლებს. საუბარია, 1300-1500 ტონამდე მოსავალზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველო შესაძლოა, მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდ, 25 ექსპორტიორს შორის მოხვდეს.

EastFruit-ის შეფასებით, საქართველოში მოცვის მთლიანი მოსავალი სამ წელიწადში სავარაუდოდ, 4 ათას ტონას აღემატება. ეს კი, არასრულყოფილი ტექნიკისა და ყველა დანაკარგის გათვალისწინებით.

მათივე აზრით, თუ ქვეყანაში მოცვის ტერიტორიების გაფართოვების ტემპებს გავითვალისწინებთ, 2023 წლისთვის წარმოებამ და ექსპორტმა შესაძლოა, 5 ათას ტონას გადააჭარბოს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოცვის საშუალო მოხმარება ჯერ კიდევ არ არის მაღალი, ამ პერიოდში შიდა ბაზარი შეიძლება გაორმაგდეს. თუმცა, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება საქართველოში მოცვის ბიზნესზე, რადგან შიდა მოთხოვნა მთლიანი წარმოების 2-4%-ს არ გადააჭარბებს.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიის გათვალისწინებით, ანდრეი იარმაკი ყურადღებას ამახვილებ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეც: ”თუ საქართველომ რუსეთის ბაზარი რაიმე მიზეზით დაკარგა, ქვეყანას გაუჩნდება რთული პრობლემა ალტერნატიული ბაზრის ძიების მიმართულებით. ამავდროულად, ევროკავშირისთვის მოცვის მიწოდება საქართველოსთვის ძალიან ძვირი დაჯდება, რთული ლოჯისტიკის გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ლოჯისტიკაზე”,- ამბობს ანდრეი იარმაკი.

2020 წელს საქართველომ უცხოურ ბაზრებზე 665 ტონა მოცვი გაიტანა, ხოლო ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცვი არის ყველაზე ძვირადღირებული საექსპორტო საქონელი, ხილის, ბოსტნეულისა და თხილის კატეგორიაში.

ქართული მოცვის დაახლოებით 95% გავიდა რუსეთის ბაზარზე, ერთი საექსპორტო პარტია კი (12 ტონა), ევროკავშირის ქვეყანაში - პოლონეთში. ამასთან, 2020 წელს ქართული წარმოების 6-8 ტონა მოცვი ექსპორტირებულია სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და უკრაინაში.

ნინი ქეთელაური