მთავრობას უფლება ეძლევა საკრებულოს მიმართოს და დედაქალაქის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლა მოითხოვოს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს 2021 წლის 1 ივლისამდე თბილისის საკრებულოს მიმართოს და დედაქალაქის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლა მოითხოვოს.

კანონპროექტი პარლამენტმა 80 ხმით მიიღო.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს უფლებამოსილება მთავრობას ,პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა (შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა 2020 წლის აპრილში მიიღო).

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ეკონომიკა კვლავ საჭიროებს გარკვეულ ხელშეწყობას, შესაბამისად, ამ ვალდებულებების შესრულებაზე გარკვეული შეღავათების თაობაზე გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, მიზანშეწონილია მოხდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

„მიზანშეწონილია, რომ პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. რაც შეეხება მთავრობის წინადადების შინაარსს, ცხადია ეს დაკავშირებული იქნება ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის შინაარსთან და მის მასშტაბებთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, საშეღავათო წინადადების შინაარსს განიხილავს კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით,“- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.