ისრაელში ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში ორკვირიანი საყოველთაო კარანტინის დაწესებას მხარი დაუჭირა, რომელიც 7 იანვრიდან ამოქმედდება.

საყოველთაო კარანტინის რეჟიმის ფარგლებში დაიხურება სკოლები, საბავშვო ბაღები და არააუცილებელი ბიზნესობიექტები.

ამასთან, დახურულ სივრცეებში აკრძალული იქნება ხუთზე მეტი პირის, ღია სივრცეებში კი ათზე მეტი პირის თავშეყრა.

იკრძალება საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრზე შორი მანძილით გადაადგილება და იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ავიაბილეთები კარანტინის დაწესებამდე აქვთ შეძენილი, საზღვარგარეთ წასვლის უფლება მიეცემათ, დანარჩენებს კი ამისთვის სპეციალური ნებართვის თხოვნა დასჭირდებათ.

ქვეყნის მთავრობამ კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. პანდემიის დაწყების დროიდან ისრაელში კოვიდ 19-ის 450 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.