გერმანიის რეგიონალური და ფედერალური მთავრობები კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
„ახლა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალ და არაორდინალურ სიტუაციაში ვართ, ”- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ კორონავირუსის ახალმა, უფრო გადამდებმა ვარიანტებმა სიტუაცია კიდევ უფრო სერიოზული გახადა.
გარდა იმისა, რომ 31 იანვრამდე ძალაში რჩება უკვე არსებული რეგულაციები, წესდება ახალი შეზღუდვებიც.
კერძოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების „ცხელ წერტილებად“ მიჩნეული რაიონების მაცხოვრებლებს საკუთარი ქალაქებიდან 15 კმ-ზე მეტი მანძილის დაშორებით გადაადგილება ეზღუდებათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს პირადი შეხვედრების დროს სხვა ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან კონტაქტის უფლება ექნებათ. ამასთან, მშობლებს ბავშვებზე ზრუნვისთვის შვებულების დამატებით 10 დღეს მისცემენ, მარტოხელა მშობლებს კი - 20 დღეს.
დაკეტილი რჩება ბარები, რესტორნები, მაღაზიებისა და სკოლების უმეტესი ნაწილი. მოსწავლეები კი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
რეგიონალური და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები სიტუაციის შეფასების მიზნით 25 იანვარს კვლავ შეიკრიბებიან.