„ონლაინ გაყიდვების დინამიკა მზარდია და საკმაოდ კარგად მიდის“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ საქართველოში გამოწერილი პროდუქციის ადგილზე მიტანა იგვიანებს, რეზო მაღალაშვილი განმარტავს, რომ თუ მიწოდება საქართველოდან ხდება, სტანდარტულად, მაქსიმუმ 3 დღეს მოიცავს. თუმცა, არის მაღაზიები, რომელთა პროდუქციის გამოწერა, გლობალური საიტიდან ხდება, შესაბამისად, შეკვეთის ჩამოსვლას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.
„ონლაინ გაყიდვები საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა, მაჩვენებლები უნდა შევადაროთ გასულ თვეებს, რადგან შარშან ეს სერვისი არ გვქონდა. დინამიკა მზარდია და საკამოდ კარგად მიდის. რა თქმა უნდა, წილობრივად ეს იმხელა პროცენტებში გამოხატული არ არის, რომ ჩვეულებრივი გაყიდვები ჩაანაცვლოს და დიდი შვება ვიგრძნოთ. მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით, 5-6% მოდის ონლაინ გაყიდვებზე.
რაც შეეხება შეკვეთების დაგვიანებას, ჩვენი ბრენდების უმეტესობის შემთხვევაში, საქართველოდან ხდება მიწოდება, კერძოდ, 1-დან 3 დღემდე ვადაში, შესაბამისად, არ აგვინებს. თუმცა, არის მაღაზიები, მაგალითად, „ზარა“, რომელიც ესპანეთიდან ოპერირებს და საქართველო, უბრალოდ, დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ეს ბრენდი ონლაინ ოპერირებს. შესაბამისად, საქართველოშიც ესპანეთიდან აგზავნის შეკვეთას, რის გამოც, მიწოდების ვადები არის დაახლოებთ, 10 დღემდე. ამან ზოგიერთში გამოიწვია კითხვის ნიშნები, რომ თუ „ზარა“ აქვეა, რატომ სჭირდება მიწოდებას ამდენი დღე. რეალურად, ამის მიზეზია ის, რომ გლობალური ვებგვერდიდან ხდება რეალიზაცია. ამის პლუსი ის არის, რომ ასეთ დროს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია გლობალური კატალოგი, ანუ არა მხოლოდ ის, რაც საქართველოს მაღაზიებშია წარმოდგენილი, არამედ შეუზღუდავი კოლექცია, სრული ზომების ჭრილში“, - ამბობს რეზო მაღალაშვილი.