„კლინიკების 40-დან 60%-მდე ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს და დაიხურება“

„კლინიკების 40-დან 60%-მდე ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს და დაიხურება,“ - ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები/რეგულაციები ამოქმედდა. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ფინანსური რესურსის მოძიება კლინიკებს გაუჭირდება და 40%-დან 60%-მდე ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

„მივესალმები, როდესაც საუბარია, ჯანდაცვის სიტემის გაჯანსაღებაზე, კლინიკების საერთაშორისო დონეზე გამართვაზე. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს ახალი ინვენტარიზაცია, კლინიკების განახლება, უნდა გავუთანაბრდეთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, მაგრამ დღევანდელ პერიოდში, როდესაც ჯანდაცვის სისტემა გადის პანდემიაზე, მაშინ როდესაც სისტემა ლამის არის თავზე ჩამოგვექცა, ახალი კანონის და დადგენილების შემოტანა ნაადრევად მიმაჩნია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კაბალურმა, 520-ე დადგენილებამ სრულად შეაფერხა კლინიკების მუშაობა დაფინანსების სექტორში, ამას დაემატა კიდევ პანდემია, რომლის შედეგადაც გაიზარდა ხარჯი კლინიკებში. მაშინ როცა დაფინანსება შუემცირდათ კლინიკებს და პანდემიამაც დიდი ხარჯი მოითხოვა, ასეთ სიტუაციაში გადაიარაღება/ინვენტარიზაცია ისე, რომ ჩვენ აისო სტანდარტს გავუთანაბრდეთ, დროში აცდენილად მიმაჩნია.

ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არსებული დაწესებულებების 40%-დან 60%-მდე ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. აისო სტანდარტი ძალიან მომხიბვლელია, ვიცი რომ საჩხერის კლინიკამ მიიღო ეს სტანდარტი, მაგრამ ხომ იცით ამ კლინიკის უკან რა ფინანსური ძალა დგას, ეს ძალა ყველას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მე როგორც პროფესიონალს, მირჩევნია აისო სტანდარტის დონის კლინიკაში ვიმუშაო, მაგრამ ამისთვის ყველა სახის პირობა უნდა მქონდეს შექმნილი სახელმწიფოსგან. თუ ყველა ბერკეტი მონოპოლური სისტემით მაქვს აწყობილი, ასეთ სიტუაციაში მე კონკურენციას მონოპოლისტს ვეღარ გავუწევ და იძულებული გავხდები გავჩერდე. ამ პრინციპით კლინიკების დაახლოებით 40%-მდე დაიხურება,“-განაცხადა პაჭკორიამ.

თაია არდოტელი