ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემოტანა განიხილება. მისი თქმით, პირველ რიგში აიცრება ხანდაზმული მოსახლეობა და შემდეგ სხვა ჯგუფები.
„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ეს ამბავი ასე მარტივად არ ხდება.
რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას. ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა და „ასტრაზენეკა“. ეს არის ვაქცინები, რომლებმაც მიიღეს FDA-ს ან ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, უკვე განხორციელდება გეგმის შესაბამისად.
ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ხანდაზმული ასაკი მოგეხსენებათ, არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. პირველი პრიორიტეტი არის ხანდაზმული მოსახლეობა და ამას შემდეგ მოყვება სხვა ასაკობრივი ჯგუფები,“ - განაცხადა გაბუნიამ.