ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კორონავირუსზე ტესტირება იმ ბიზნესგარემოშიც ჩატარდება, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა, კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გარემოში ადამიანები დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას მუდმივად ვერ ახერხებენ.

მანვე აღნიშნა, რომ ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები.

„ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები. ბოლო პერიოდის განმავლობაში რელიგიური პირები დაემატა, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. ასევე ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და აი, ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინი ვერც დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც მუდმივად ვერ მოახერხონ“, - განაცხადა გაბუნიამ.