ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონური გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღესდღეობით ქვეყანაში გრიპის ვაქცინის მხოლოდ ის მარაგია დარჩენილი, რაც რისკ-ჯგუფების ასაცრელად არის საჭირო.
„შესყიდვა მოხდა 235 ათასი დოზის. ვაქცინის დიდი რაოდენობა გაიხარჯა. გაფართოვდა პირველადი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი იმისთვის, რომ უფრო აქტიური ათვისება ყოფილიყო და მოცვაც უფრო ფართო ყოფილიყო. დღესდღეობით გვაქვს ის მარაგი, რაც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მაგალითად ორსულებისთვის იმისთვის, რომ შევძლოთ კიდევ აცრა. ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ კოვიდის ვაქცინისთვისაც, რადგან ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება, ვაქცინის შემოტანის შემდეგ დადგება მომენტი, რომ მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არ აიცრას. ასე რომ, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.