პაატა იმნაძე - ორსულებს მოვუწოდებ, გრიპის ვაქცინით აიცრან, რადგან მათთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე covid-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ორსულებს მოუწოდებს, სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, რადგან მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ორსულებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე covid-19.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძემ „ინტერპრესნუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 211 ათასზე მეტი ადამიანი სეზონური გრიპის ვაქცინით უკვე აცრილია და დარჩენილია 23 ათასი დოზა მათთვის, ვინც აცრას ახლა გადაწყვეტს.

„ჯერ სეზონი კიდევ გრძელდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისე, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი ძალიან არ არის აქტიური. ზოგ ქვეყანაში არის, მაგრამ თითო-ოროლა შემთხვევა. რა თქმა უნდა, ის, რომ თითქმის მთელ ევროპაში „ლოკდაუნია“, მოქმედებს ამაზე, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, რაც გრიპისგან თავდაცვაცაა. თუმცა, ორსულებს მოვუწოდებ მაინც, რომ აიცრან, რადგან გრიპი ორსულებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე კოვიდი. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, რომ გრიპზე აუცილებლად აიცრან“, - განაცხადა იმნაძემ.