რომან გოცირიძე „საქსტატის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ასეთი მანიპულაციების და „ტრიუკების“ დადგმისთვის უნდა წავიდეს და მთელმა სამსახურმა უნდა აგოს პასუხი“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლებს.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „საქსტატის“ მაჩვენებლები არის „აბსურდი“.

„მთელი 2020 წლის განმავლობაში, თურმე ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა. გაიზარდა თურმე მხოლოდ 2,4%-ით და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს თურმე შეშურდებოდა ჩვენი. ეს არის სისულელე და ამის გამკეთებელი ხვალვე უნდა გადადგეს, იგივე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ასეთი მანიპულაციების და „ტრიუკების“ დადგმისთვის უნდა წავიდეს და მთელმა სამსახურმა უნდა აგოს პასუხი ამისათვის. ეროვნულმა ბანკმაც უნდა ამოიღოს ხმა. ეროვნულ ბანკს ალბათ გულში უხარია, რომ მიზნობრივ მაჩვენელებში, 3%-ში ჩაეტია. თუ პროფესიული სინდისი აწუხებთ, როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე სავალუტო ფონდმაც, რომელზეც ლარის ბედია დამოკიდებული ფაქტობრივად, ხმა უნდა ამოიღონ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე. ახსნა აქვს ძალიან მარტივი, თურმე შუქი, გაზი და კომუნალური მომსახურება საქართველოში 36%-ით გაიაფდა. ეს რას ნიშნავს? როდესაც პანდემიის პერიოდში სუბსიდირება ხდებოდა ამ ხარჯების, ამით ელექტროენერგიის ფასი შემცირდა? თუ ჩვენ ვიხდიდით რაღაც გადასახადს ამ კომუნალური მომსახურებისას, მთავრობა წაეშველა მოქალაქეებს და მან გადაიხადა რაღაც ნაწილი. მთავრობამ და მოქალაქეებმა გადაიხადეს, მაგრამ ეს ხომ ფასზე გავლენას არ ახდენს? ამათმა რა გააკეთეს? აიღეს და მთელი სუბსიდირების თანხები გამოაკლეს ამ სექტორში არსებულ დანახარჯებს და თქვეს, რომ საქართველოში 36%-ით გაიაფებულა თურმე ამ მომსახურების ხარჯები“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ფასების საერთო დონე 1%-ით შემცირდა. წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4 % შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ჯგუფში: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 22 პროცენტიანი კლება. კერძოდ, ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი).