„ლელო საქართველოსთვის“ ერთ- ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ფასების საყოველთაო მატების ფონზე „საქსტატი“ ამტკიცებს, რომ 2020 წელს წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2.4% შეადგინა, რაც რელობის დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მიქაუტაძე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მოუწოდებს, ინფლაციის მონაცემები სუბსიდირებული კომუნალური გადასახადების გარეშე გამოაქვეყნოს და ფასების რეალური დონე ქვეყანაში აჩვენოს.
„საქმე იმაშია, რომ სუბსიდირება, ჯერ ერთი, მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს შეეხო და ისიც არა მთელი წლის მანძილზე. ამასთან კომუნალური გადასახადების ერთჯერადად დაფარვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ ნიშნავს, რომ მათი რეალური საბაზრო ფასი შემცირებულია.
მოვუწოდებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ინფლაციის მონაცემები სუბსიდირებული კომუნალური გადასახადების გარეშე და აჩვენოს ფასების რეალური დონე ქვეყანაში“, - განაცხადა მიქაუტაძემ.