ჯანსაღი კონკურენცია ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარი

ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რე­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზრუნველყოფა. აღნიშნული და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეკონომიკური განვითარების დონეზე. თუ ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, მისი მოსახლეობა მდიდარი და თავისუფალია. სუსტი ეკონომიკის შემთხვევაში - ღარიბი და სხვაზე დამოკიდებული.

ეკო­ნო­მი­კა სა­ხელ­მწი­ფოს სა­ფუძ­ვე­ლი და მოსახლეობის სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მაა. სწო­რედ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქმიანობის ნე­ბის­მი­ე­რი სფე­როს: პო­ლი­ტი­კის, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტის და ა.შ. ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე რთულ და გა­დამ­წყვეტ პე­რი­ო­დებ­შიც ჯერ ასე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლა უსაფ­რთხო­ე­ბის პრობ­ლე­მა, რო­გორც დღეს. ქვეყანა კრიზისშია პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეს ემატება შიგნით მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც აფერხებენ მის მდგრად განვითარებას.

ყველას გვსურს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც დაფასდება მშრომელი ადამიანი და ნიჭიერს მიეცემა შესაბამისი ასპარეზი. ამისათვის საჭიროა მოქმედებდეს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპები და როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გააჩნდეს ყველა მოქალაქეს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო ნაკლებად იძლევა ამის საშუალებას.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არც ერთი პარტიის და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. როგორც რიგითმა ქართველმა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო სამშობლოს კეთილდღეობაში. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ რამდენიმე მოსაზრებას.

გავიდა 8 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. მათი შეხედულებები არც თუ უსაფუძვლოა. თუ ავიღებთ „კორონამდელ“ პერიოდს, 2019 წელს და შევაფასებთ მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს აშშ დოლარის კურსით და ინფლაციის გათვალისწინებით, მათი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამიტომ, 31 ოქტომბრის არჩევნების დროს საზოგადოებაში დომინირებდა აზრი, რომ უწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ბევრს რწმენა აქვს დაკარგული.

2012 წელს საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ დაიწყებოდა ქვეყნის აღორძინება. მართალია ეკონომიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ საკმარისია საშუალო 4-5%-ანი ზრდის ტემპი? ამას ემატება პანდემიით გამოწვაული ჩავარდნა, რომელიც ექსპერტული შეფასებებით 2020 წელს 6-7% იქნება.

ჩვენი აზრით, მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ წლიურად 8-10% შეადგინოს. ეს არ არის მიუღწეველი მიზანი. უზარმაზარმა ჩინეთმა, თავის დროზე, აღნიშნული შეძლო. საქართველოსაც გააჩნია ამის პოტენციალი.

განვიხილოთ თუ რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოს ეკონომიკის წინაშე:

1. იმპორტზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი. ექსპერტული მონაცემებით მისი წილი ქვეყნის შიდა მოხმარებაში 70%-ს აღწევს. ცნობილია მაღალი იმპორტიდან მომდინარე საფრთხეები: ადგილობრივი ბიზნესის დათრგუნვა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მცირე მშპ და ბიუჯეტი, მოსახლეობის დაუსაქმებლობა და დაბალი შემოსავლი, ეკონომიკის არარაციონალური სტრუქტურა და ა.შ.

სუსტად მოქმედებს ანტიდემპინგური ღონისძიებები, რომლებმაც იმპორტიორები უნდა შეზღუდოს შიდა ბაზართან შედარებით დაბალი ფასების დაწესებაზე. შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი ქართული ბიზნესების გაკოტრებისა დემპინგის გამო. მაგალითად, ჩაის ინდუსტრია, შოკოლადის ნაწარმის ბიზნესი და ა.შ.

თურქეთისა და ირანის მთავრობის მიერ სუბსიდირებული ხილი და ბოსტნეული საქართველოში იმდენად დაბალ ფასად შემოდის, რომ ადგილობრივი ნაწარმი მათ ვერ უწევს კონკურენციას.

შეიძლება ითქვას ქვეყანას ეროვნული უსაფ­რთხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პროტექციონისტული პოლიტიკა თითქმის არ გა­აჩ­ნია. მნიშვნელოვანია სა­ბა­ჟო-სა­ტა­რი­ფო გა­ნაკ­ვე­თე­ბის ისეთი და­ბა­ლან­სე­ბა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ­ბიზნესს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ასეა ყველა განვითარებულ, მათ შორის, ევროკავშირის, ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფით.

მაგალითად, იაპონიაში ბრინჯის იმპორტზე დაწესებულია 600%-იანი საბაჟო ტარიფი. ვინაიდან ამ ქვეყანას ძალუძს აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. განსხვავებით ენერგომატარებლების იმპორტისგან, რომელზედაც ნულოვანი საბაჟო გადასახადია დაწესებული.

2. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბიზნესის მაღალი მონოპოლიზაცია და კონკურენციის შეზღუდვა თითქმის ყველა დარგობრივ ბაზარზე. სწორედ აღნიშნული ქმნის ძირითად წინააღმდეგობას მცირე ბიზნეს-ობიექტებისათვის ოპერირების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ჩრდილოვან ბიზნესს.

3. ეკონომიკის ნაკლებად ეფექტური სტრუქტურა, დისპროპორციები მის სხვადასხვა დარგებსა და ქვედარგებს შორის. სწრაფი მაკრო ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი იქნება ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს შორის ოპტიმალური პროპორციების დაცვის გარეშე. ხშირად ეკონომიკური ზრდის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი სტრუქტურული დისპროპორციებია.

ასევე აქტუალურია სხვა გამოწვევებიც:

  • ერთიანი ეკონომიკური სივრცის (ქვეყნის მასშტაბით) მოშლა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული უთანაბრობა. ეთნოკონფლიქტები და პოლიტიკური არასტაბილურობა;
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი მასშტაბები, მისი ინსტიტუციონალიზაცია;
  • ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი პერსონალის შერჩევისა და დაწინაურების დროს;
  • ფინანსებზე და საინვესტიციო რესურსებზე შეზღუდული წვდომა;
  • უმუშევრობის მაღალი მასშტაბები, მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია და სიღარიბე;
  • კონკურენტი ქვეყნების და კომპანიების მხრიდან ექსპანსიური ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მიმართ;
  • სამეწარმეო უნარებისა და გამოცდილების ნაკლებობა და ა.შ.

წერილის შეზღუდული ფორმატის გამო ყველას ვერ შევეხებით, თუმცა მათი როლი ქვეყნის განვითარებაში საკმაოდ უარყოფითია.

ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებაში, მისი ნაწილის ლეგალიზებაში, ნაწილის კი სამართლიან ადმინისრირებაში. თეორიულად აღიარებულია და პრაქტიკით დადასტურებული თუ ჩრდი­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კის მასშტაბები მაღალია, გატარებული რეფორმები ღებულობს დეფორმირებულ სახეს. სწორედ ამის გამო იყო, რომ 90-იან წლებში და მოგვიანებით განხორციელებული რეფორმები ნაკლებ ეფექტს იძლეოდა.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებით და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით შესაძლებელი იქნება მშპ-ის 12-14%-იანი ზრდის მიღწევაც, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის 5-6 წელიწადში გაორმაგებას. თუ ახლად შექმნილი ეროვნული სიმდიდრის გადანაწილება მოხდება ეფექტურად და სამართლიანად, მერწმუნედ, მოსახლეობიც ცხოვრების დონეც გაუმჯობესდება და საზოგადოება კმაყოფილი იქნება.

ცნობილია, რომ ქვეყნის წინსვლისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი კვლევის „Doing Business 2020“-ის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. თუმცა რატომღაც მეწარმეობის მასიურ გავრცელებასა და მისი ზრდის მაღალ მასშტაბებს არა აქვს ადგილი.

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურია არა მხოლოდ მისი რეგისტრაცია, არამედ კონკრეტულ საბაზრო სეგმენტზე შესვლა და იქ ადგილის დამკვიდრება.

მუდმივად საუბარია სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, ამაშია მთავარი გამოწვევა. ჩვენი აზრით, პრობლემა უნდა განვიხილოთ იმ საფრთხეების კუთხით, რომლებიც დგას დამწყები მცირე მეწარმეების წინაშე.

საჭიროა დამუშავდეს კონკრეტულ დარგობრივ საბაზრო სეგმენტებზე ბიზნეს-ობიექტის შესვლის, უსაფრთხოდ ოპერირების დაწყებისა და შემდგომი ფუნქციონირების მეთოდოლოგია. მაგალითად, ავიღოთ მეტალო-პლასტმასის ნაწარმის დამზადების (ან სხვა) ბიზნესი. რა ტენდენციები არსებობს მოცემულ საბაზრო სეგმენტზე? უნდა გაირკვეს რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ბაზრის წამყვანი, ძირითადი და მცირე „მოთამაშეები“. დღეს არც ერთი უწყება არ ფლობს კონკრეტულ დარგობრივ სეგმენტებში არსებულ პრობლემებზე სრულყოფილ ინფორმაციას.

აღნიშნული მეთოდოლოგიის პრაქტიკაში რეალიზაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო უწყებების ხელშეწყობით. გამოცხადდეს შეთავაზება და შეიძლება კონკურსიც სტარტაპებისთვის მოცემულ საბაზრო სეგმენტზე შესასვლელად. შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დამწყები მეწარმეები საჭიროა იმყოფებოდნენ სახელმწიფო ყურადღების ქვეშ, ბუნებრივია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პირობებში.

ისე როგორც ახლად დარგული მცენარე დასაწყისში საჭიროებს მზრუნველის ხელს, ასევეა ბიზნესიც. საბაზრო ურთიერთობები მკაცრია, იგი ახლოსაა ველური ბუნების კანონებთან, სადაც მოქმედებს პრინციპი - იმარჯვებს ძლიერი. შედეგად, სწორედ საფრთხეების შერბილების კუთხით ესაჭიროება ხელშეწყობა დამწყებ მეწარმეს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები, დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია მათი განხილვა.

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის გარდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დაცვა. როდესაც სახელმწოფო არათანაბარ პირობებში აყენებს მეწარმეებს, მაშინ ბიზნესი არაცივილიზირებულად ფუნქციონირებს. დარგობრივი ბაზრები მონოპოლიზებულია და მცირე მეწარმეობა მასიურად ვერ ვითარდება. შედეგი - მაღალი უმუშევრობა და მოსახლეობის უკმაყოფილება.

მივმართავ „მდიდართა ამა ქვეყნისა“, რომლებიც შეადგენენ ჩვენი მოსახლეობის 1% და ზოგიერთმა აღარც იცის სად დახარჯოს ფული. ხომ არ გიფიქრიათ, რომ დაეხმაროთ მოსახლეობის მოწყვლად ფენას, მაგრამ არა პირდაპირ ფულადი შემწეობით, არამედ მათი ყველაზე უნარიანი ნაწილის დასაქმებით. ჩინური ანდაზის მიხედვით: „მიეცი კაცს თევზი და საკვები ექნება ერთი დღისთვის, ასწავლე მას თევზაობა და საკვები ექნება ყოველდღე.“

ხელმოკლე ოჯახში აღზრდილი პიროვნება შრომისმოყვარე და უანგარო ფასეულობების მატარებელია. უხდებათ რა ცხოვრებაში მეტი წინააღმდეგობების გადალახვა მათი ამტანიანობა და „ჟინი“ (ჟილკა) უფრო ძლიერია.

სამწუხაროდ, ღარიბი ფენის მოტივირებულ ნაწილს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ მონაცემების რეალიზაცია. ამავე დროს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის განვითარების პოტენციალი მათში უდიდესია. შედეგად, მსგავსი ხელშეწყობა როგორც კარგია ქვეყნისთვის ისე ღვთიური მადლიცაა.

შეუწყეთ ხელი მათ ბიზნესში ინტეგრაციას, საკუთარი საქმის წამოწყებას, სტარტაპების განვითარებას. თავიდან მიკრო, საოჯახო ბიზნესის სახით. შემდეგ საუკეთესოები თავად განავითარებენ და გაზრდიან საკუთარ ბიზნესს.

რაც უფრო მეტი შეძლებული ადამიანი ეყოლება ქვეყანას, მით უკეთესია. თუ გავაანალიზებთ მილიონერების ცხოვრებას, მათი უმრავლესობა ხელმოკლე ოჯახებშია დაბადებული და აღზრდილი.

30 წელია უმაღლეს სასწავლებლებში ვკითხულობ ლექციებს. ნამდვილად ნიჭიერი და პრქტიკული ახალგაზრდობა გვყავს. არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველოს მოსახლეობა ბუნებით ზარმაცია. თუ გავაანალიზებთ ჩვენი ერის კულ­ტუ­რუ­ლ მემ­კვიდ­რე­ო­ბას: ხუროთმოძღვრების ძეგლებს და ხელოვნების სხვა ნიმუშებს - შრო­მის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის გა­რე­შე ისინი ვერ შეიქმნებოდა. უბრალოდ გვიყვარს ქართველებს პირველობა, როგორც კარგში ისე, სამწუხაროდ ცუდშიც.

გულდასაწყვეტია, როდესაც სტუდენტი გეუბნება, როგორც არ უნდა ვისწავლო მაინც ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვი, ყველგან „პატრონია“ საჭირო. არ დამავიწყდება ერთი საუკეთესო სტუდენტი გოგონას სიტყვები: „როდესაც მივდივარ ქუჩაში და ვხედავ ახალი რამე კეთდება - გულს უხარია და მინდა მეც მივიღო მონაწილეობა ამ მშენებლობაში. მინდა მეც საკუთარი მონაცემები ქვეყნის განვითარებას მოვახმარო, მაგრამ ჩემთვის ეს შეზღუდულია.“ ამ გოგონამ წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსტიტეტი და წლების შემდეგ შემთხვევით შევხვდი სუპერმარკეტში - მოლარე-ოპერატორად მუშაობდა.

ქვე­ყა­ნა­ ვერ განვითარდება დემოკრატიულად თუ არ იქნება სა­მარ­თლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სთ­ვის შექ­მნის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი პოტენციალის რე­ა­ლი­ზა­ცია.

კიდევ ერთ გამოწვევაზე შევაჩერებ თქვენს ყურადრებას. მკვეთ­რად პო­ლა­რი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კურ ზრდას ძი­რი­თა­დად შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნის­თვის მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი. სწორედ ისინი ამრავლებენ და აძლიერებენ საკუთარ ბიზნესებს და ასაქმებენ ახლობლების ვიწრო სოციალურ წრეს.

დღეს არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლით შე­მო­სავ­ლე­ბის გა­დანა­წი­ლე­ბა ხდე­ბა უსა­მარ­თლოდ. რო­გორც ძვე­ლი, ისე ახ­ლად შექ­მნი­ლი ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ხვდება სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცირე ნა­წი­ლის ხელში. საჭიროა გაფართოვდეს სოციალურ კონკურენციაში მონაწილე პირთა რაოდენობა.

რომელ კონკურსშიც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნიჭიერმა და მოტივირებულმა პიროვნებამ მისთვის ბევრი რამე მიუღწეველია. ქვეყანაში ჩამოყალიბებულ და მოქმედ გარემოში წინსვლისა და განვითარების მთავარი ფაქტორი ფავორიტიზმი და ნეპოტიზმია.

ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლის შე­სა­ხებ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის ობი­ექ­ტურ სა­ფუძ­ვლებ­ზე. შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ყუ­რად­ღე­ბა ეთ­მო­ბა სა­ხელ­მწიფ­ო რო­ლის სუ­ბი­ექ­ტურ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ მო­მენ­ტებს. არ­სე­ბობს რი­გი ფაქ­ტო­რე­ბი­, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვნად ზე­მოქ­მე­დე­ბენ ქვეყნის განვითარებაზე:

  • მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე;
  • ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი;
  • სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის არ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლი;
  • ქვეყ­ნის მი­ერ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ტრადიციები;
  • ერის მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ფასეულობები;
  • ლი­დე­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი.

შეზღუდული ფორმატის გამო ყურადღებას გავამახვილებთ ბო­ლო ორ ფაქ­ტო­რზე.

ერის მენ­ტა­ლი­ტე­ტი. სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბისა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გავით­ვა­ლის­წი­ნოთ ქვეყნის მართვაში. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სხვა­დას­ხვა ხალ­ხი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად აღიქ­ვამს ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს. მა­გა­ლი­თად, სამ­ხრე­თის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ემოციურობა (ინ­დო­ე­თი, აფ­რი­კის ქვეყნები, სამ­ხრეთ ევ­რო­პა). მათი მიმ­ზიდ­ვე­ლი საწ­ყი­სი სი­ცოც­ხლის სი­ხა­რუ­ლია - ინ­დი­ვიდ­მა უნ­და იც­ხოვ­როს და ნა­ხოს ბედნიერება გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­რო­ში. ასეთ ქვეყ­ნებ­ში დრო ნაკლებად აღიქ­მე­ბა დეფიციტურ ფაქ­ტო­რად. აფ­რი­კის ზო­გი­ერთ ეროვ­ნე­ბა­ში დრო­ის ცნე­ბის გა­გე­ბა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს.

ცენ­ტრა­ლუ­რი და ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის, აშშ-ისა და კა­ნა­დის მო­სახ­ლე­ო­ბა უფ­რო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია და მეტად გა­მო­ირ­ჩე­ვა ანა­ლი­ზის უნა­რით. ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი არა მხო­ლოდ მხი­ა­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, არა­მედ ახა­ლი „რე­ზულ­ტა­ტის“ მი­ღწე­ვაა. დრო ამ ქვეყ­ნებ­ში მუდ­მი­ვად დე­ფი­ცი­ტია.

ლი­დე­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ლი­დე­რი უნ­და იყოს ერის ნამ­დვი­ლი შვი­ლი და პატ­რი­ო­ტი. მან ბო­ლომ­დე უნ­და გა­უ­გოს საკუთარ ხალხს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქარ­თველ ერს ყვე­ლა­ზე უკე­თ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ გა­უ­გო.

თანამედროვე სა­ქარ­თვე­ლო­სთ­ვის, სა­დაც საკ­მა­რი­სად არაა დახ­ვე­წი­ლი სა­ხელ­მწიფო მარ­თვის სის­ტე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურო­ბას იძენს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ინ­სტი­ტუ­ტი. გარ­და სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა (გან­სწავ­ლუ­ლო­ბა, ნი­ჭი, მომ­თხოვ­ნე­ლო­ბა) ლი­დერს უნ­და გა­აჩ­ნდეს ში­ნა­გა­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნობა, რაც მის ობიექტურობაში ვლინ­დე­ბა.

ყველას სურვილია ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც დაფასდება მშრომელი ადამიანი და ნიჭიერს მიეცემა შესაბამისი ასპარეზი. ამისათვის საჭიროა მოქმედებდეს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპები და როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გააჩნდეს ყველა მოქალაქეს.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

პროფესორი რამაზ ოთინაშვილი

thumbnail-1609937102.png