“ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკურ დიალოგში შესვლა,”- ასე გამოეხმაურა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, „ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებას 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლებზე. კრიტიკა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ინფლაციის მაჩვენებლებში ასახვამ გამოიწვია.
გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ „საქსტატის“ მაჩვენებლები არის „აბსურდი“ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ასეთი მანიპულაციების და „ტრიუკების“ დადგმისთვის უნდა წავიდეს და მთელმა სამსახურმა პასუხი უნდა აგოს“.
“ჩვენი საქმე არ არის პოლიტიკურ დიალოგში შესვლა. რომან გოცირიძე წლების წინ ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა და მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ ნაბიჯს/მიდგომას, საერთაშორისო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები ითვალისწინებს,“- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემაში „საქმე“.
გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ინფლაციაზე გავლენის შესახებაც და განმარტა, თუ რატომ აისახა აღნიშნული სამთავრობო პროგრამა მაჩვენებლებში ახლა.
„როცა მთავრობა მოქალაქეს უხდის გაზის/დენის კომუნალურ გადასახადს 200 კილოვატამდე თუ 200 კუბურ მეტრამდე მოხმარების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის ეს მომსახურება გაიაფდა და მისი ღირებულება გახდა ნული. მარტივად რომ ვთქვათ - ინფლაცია ასახავს იმ ფასების ცვლილებას, რომელსაც იხდის რიგითი მომხმარებელი, ეს ყველაფერი რაც ჩვენ გავაკეთეთ, შავით თეთრზე წერია საერთაშორისო მეთოდოლოგიებში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმძღვანელოებში. ამ მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური ანუ სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს და ამან გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები. ჩვენ ვაკვირდებით იმ ფასებს რა ფასშიც იყიდება საქონელი და მომსახურება ბაზარზე. თუ საქონელი/მომსახურება ბაზარზე უფასოდ რიგდება, რა თქმა უნდა, ეს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს. დენი, გაზი და წყალი უფასოდ დარიგდა იმ მოსახლეობისთვის, ვინც 200 კილოვატამდე და 200 კუბურ მეტრამდე მოიხმარა შესაბამისად, ამან რა თქმა უნდა მოახდინა გავლენა,“-განაცხადა თოდრაძემ.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4 % შეადგინა. ამასთან, "საქსტატის" მონაცემებით, თვიურ ჭრილში ანუ 2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ჯგუფში: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 22 პროცენტიანი კლება. კერძოდ, ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი).