,,მოგებაზე აღარ ვფიქრობთ, საუბარია გადარჩენაზე“- სალონების ფედერაცია

სალონებში მიმართვიანობა დეკემბერში მაღალი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, რიგი სალონური სერვისები - მაკიაჟი, ვარცხნილობა 100%-ით გაუქმდა - მის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა მასალის და კომუნალური ტარიფების ფასი, ზამთრის პერიოდში სალონურ სერვისებზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

,,გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც მცირე, ასევე ქსელური სილამაზის სალონების წარმომადგენლები. ამ დროისთვის ინფორმაცია ასეთია, რომ ზამთრის განმავლობაში, არ გაიზრდება ფასი სალონურ მომსახურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არის გაზრდილი როგორც მასალის ფასი, ასევე ამ თვიდან კომუნალური გადასახადებიც. მოგებაზე მართლა ზედმეტია საუბარი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, წინა საახალწლო დღეებში, ძალიან კარგი იყო მიმართვიანობა. „ნამდვილად არ გვქონია ვარდნა დეკემბერში, ვნახოთ, რა იქნება ახალ წლის შემდეგ. თუმცა არის სალონური რიგი მომსახურებები, რომელიც უბრალოდ გაუქმდა, მაგალითად, სადღესასწაულო ვარცხნილობებს და მაკიაჟს აღარავინ იკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ „შილაკზე“ და სხვა, პირადი ჰიგიენის პროცედურებზე სტუმრობენ ადამიანები სალონებს. მოგებაზე აღარ ვფიქრობთ, საუბარია გადარჩენაზე“,-განაცხადა შარაშენიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მთავარი გამოწვევა, კვლავ ბინაზე მომსახურებაა, რაც სალონებს ძალიან ბევრ კლიენტს აკარგვინებს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა კი დღეს სალონური ბიზნესისთვის ბინებზე მომსახურების გააქტიურებაა. თვის ბოლოს ვგეგმავთ, მივმართოთ სამინისტროს კიდევ ერთხელ, რეგულაციების შექმნის მოთხოვნით. ახლა ვუბრუნდებით წლების წინანდელ სიტუაციას, როცა სექტორი მოუწესრიგებელი იყო და სახლებში დადიოდნენ სტილისტები და სალონური მომსახურების გამწევი სხვა პირები.

პირველი ლოქდაუნის დროს სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური რეკლამები წავიდა სახლებში ვიზიტებზე და მომსახურებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი დარჩა და არ დაბრუნდა სალონში, საუბარია როგორც მომხმარებელზე, ასევე დასაქმებულზე. არ დაბრუნდა სპეციალისტი, სტილისტი იმიტომ, რომ მთლიანი თანხა, რაც მომხმარებელმა გადაუხადა, ჯიბეში ჩაიდო და სალონს არ გაუყო, ანუ ასეთ შემთხვევაში ბიზნესი უკან და უკან წავიდა.

ახლა ვხედავთ, რომ იხურება სალონები. ფედერაციის გვერდზე ვაქვეყნებთ მუდმივად ვაკანსიებს უმუშევრად დარჩენილებისთვის და არავინ გვეხმაურება, ისევ ზემოთხსენებული მიზეზის გამო. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროსთან, მივმართეთ თხოვნით, რომ ბინაზე მომსახურების რეგულაციები შემოიღონ. ვიღაც ალბათ, ფიქრობს, რომ რა დროს რეგულაციებია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. ამ საკითხის დარეგულირებით, ბევრი პრობლემა გვარდება. ერთის მხირვ ბიზნესი დაიბრუნებს შემოსავალს, მეორეს მხრივ ჰიგიენური სტანდარტების დაცვით მოხდება სერვისის მიღება და სახელმწიფო გადასახადის გვერდის ავლა არ მოხდება. ყველა ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს თამარ შარაშიძე.

თამარ მუკბანიანი