კიდევ ვის არ შეეხება 2-კვირიანი დასვენების დღეები იანვარში - ჩამონათვალი გაიზარდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთაც 2-კვირიანი დასვენების დღეებში მუშაობის უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად არის გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განსაზღვრულ საქმიანობებს, რომელთაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგებილება არ შეეხება, დაემატა - სანავიგაციო მომსახურება, წყალმომარაგების საქმიანობა და მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები. შესაბამისად, სრულად იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ უქმე დღეების პერიოდში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელონ ფუნქციონირება, ასე გამოიყურება:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
  • ფარმაცევტული საქმიანობა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
  • წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
  • სამაშველო საქმიანობა;
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

ამასთან, მართალია დამსაქმებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან მცირეა, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ სიცხადეს და დაზუსტებას საჭიროებს, თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ „კომპანიებს, რომლებიც 2-კვირიანი დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება, რადგან ეს არის უქმე დღე, რომელსაც მთავრობა აწესებს და რომლის სანაცვლოდაც დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელს მოსთხოვოს მუშაობა სხვა დასვენების დღეებში, შესაბამისად, თუ დამსაქმებელი შეუთანხმდა დასაქმებულს იმუშაონ იანვრის დღეებში, ეს არ იქნება დარღვევა და იქნება ორმხრივი შეთანხმება“.

თაია არდოტელი