შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ამ დროისთვის 9 ლოკაციაზე ფიქსირდება.
„რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის - ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანება, მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი.
ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა მზადყოფნაშია და საჭირების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.
4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა შეტყობინება, მინდვრის და ტყის 257 ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.